10.07.2026

მიკრობთა ვირუსები 2026

6-10 ივლისს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, მიკრობთა ვირუსები 2026  (VoM 2026),  რომელიც ეძღვნებოდა მიკროორგანიზმების ვირუსების, მათ შორის ბაქტერიოფაგების კვლევას, ფაგოთერაპიასა და მათ ბიოტექნოლოგიურ და კლინიკურ გამოყენებას. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო „Revealing Novel Interactions, Innovations, and Applications“. ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 900-ზე მეტი მკვლევარი, კლინიცისტი და ბიოტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელი გააერთიანა.

კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა,  მზია ქუთათელაძემ და ინსტიტუტის მეცნიერებმა. მათ წარადგინეს სასტენდო მოხსენებები მიმდინარე კვლევების შესახებ, მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო დისკუსიებში და განიხილეს ფაგური კვლევების უახლესი მიღწევები.

აღსანიშნავია, რომ VoM 2026-ის თანასპონსორები იყვნენ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მნიშვნელოვან როლსა და საერთაშორისო აღიარებას ფაგური კვლევებისა და ფაგოთერაპიის განვითარების მიმართულებით.