ვორქშოფი „ბაქტერიოფაგების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები“
5-6 ივნისს გ.ელიავას სახ.ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა ორდღიანი ვორქშოფი „ბაქტერიოფაგების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში. ვორქშოფის მიზანს წარმოადგენდა ბაქტერიოფაგების კვლევისა და გამოყენების პრინციპების, საქართველოში ბაქტერიოფაგიის განვითარების ისტორიისა და მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოების ახალგაზრდა სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაცნობა.
ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დ. ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი გეომედი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) შერჩეულმა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურზე მყოფმა 20-მა სტუდენტმა. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებმა მოისმინეს საჯარო ლექციები ბაქტერიოფაგების აღმოჩენის ისტორიის და ფაგური პრეპარატებით ინფექციური დაავადებების წარმატებული მკურნალობის შესახებ. ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ელიავას სახ. ინსტიტუტის სახით საქართველოს მნიშვნელოვან როლს ბაქტერიოფაგიის დარგის განვითარებაში. ვორქშოფი ასევე მოიცავდა ფაგების გარემოდან გამოყოფის ლაბორატორიულ სწავლებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენების პრინციპებს. ვორქშოფის ბოლოს, მონაწილეებმა წარმოადგინეს ჯგუფური ნამუშევრები ფაგების გამოყენების სამომავლო პერსპექტივების შესახებ.